შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
მათივე ცნობით, თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.
„სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის, ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. თეა ახვლედიანმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030 წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. საფრანგეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მტკიცე პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე