საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ეწვია. პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.
მაკა ბოჭორიშვილმა ვაჰაგნ ხაჩატურიანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ნაყოფიერი ვიზიტის განხორციელება უსურვა.
სომეხ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.
სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს
ეს ვაჰაგნ ხაჩატურიანის მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.