უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში, გვინდა, შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა - პრემიერი

26 ნოემბერი 2025, 15:29 149 ნახვა

ოპტიმიზაციაზე საუბრისას, ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში, ეს არ ეხება გამონაკლის სპეციალობებს, პირველ რიგში, სამედიცინოს, სადაც, ბუნებრივია, სწავლის ხანგრძლივობა უნდა იყოს შედარებით დიდი, მაგრამ პრაქტიკულად ყველა სხვა მიმართულებით შესაძლებელია, შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების სურვილია, შემოიღოს 3+1+1 სისტემა, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკასა და მოთხოვნებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

„გვინდა, შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა, ანუ არსებითად 3+1, 3 წელი ბაკალავრიატი, ერთი წელი მაგისტრატურა და იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მაგალითად სადოქტორო პროგრამაზე, მოგვიანებით, სწავლის გაგრძელება და ა.შ. იქნება გახანგრძლივებული 2-წლიანი მაგისტრატურა, რომელიც უნდა დაამთავროს შესაბამისმა სტუდენტმა, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება. აქაც ყველაზე კარგად ვარ გარკვეული იურიდიული განათლების სისტემაში და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სავსებით არის შესაძლებელი სამ წელიწადში ყველა იმ ძირითადი საგნის გავლა, რაც უნდა იცოდეს იურისტმა და, ასევე, შესაძლებელია 10-მდე არჩევითი საგნის გავლა სტუდენტების მიერ სპეციალიზაციის მიხედვით. სამი წელი იურისტისთვის სავსებით საკმარისია, რათა მან მიიღოს საკმარისი ცოდნა, რაც უნდა გადაეცეს მას ბაკალავრიატის ფარგლებში. იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკის მიმართულებაზე, სოციალურ მიმართულებაზე, ჰუმანიტარულზე და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, რაიმე განსხვავებული აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული მოსაზრებები არ მომისმენია. ჩვენი აზრით, 3+1+1 არის ოპტიმალური სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ სისტემას ექნება დამატებითი ეფექტიც – დაახლოებით, 30 000 ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში. მისივე განმარტებით, 3+1+1 სისტემა ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას, ასევე, დაახლოებით 25 %-ით დაიზოგება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს მოქმედი ხარისხის მართვის სისტემის დახვეწა, ის არ არის საკმარისად ეფექტიანი და ხშირ შემთხვევაში ხარისხის ფორმა ფორმალურ ხასიათს ატარებს. მთავრობის მეთაურის თქმით, ხარისხის მართვის სამსახურში შედის კურიკულუმები, სილაბუსები, ხდება მათი გადამოწმება, თუმცა ეს არსებითად ფორმალური პროცედურაა.

„ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ დიპლომის ხარისხზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა უნივერსიტეტი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, დიპლომს გასცემს სახელმწიფოს სახელით, თუმცა ზუსტად იდენტური დიპლომი, გაცემული სხვადასხვა უნივერსიტეტის მხრიდან, არის განსხვავებული ხარისხის შინაარსობრივად. მაგალითად, გერმანია რომ ავიღოთ, სადაც მოქმედებს 100-მდე სახელმწიფო სხვადასხვა უნივერსიტეტი, თითო ქალაქში მოქმედებს თითო უნივერსიტეტი ბერლინის გარდა, სადაც ორია, არსებითად, სწავლების ხარისხი შინაარსობრივად ერთი და იგივეა და სახელმწიფო გასცემს დიპლომს, რაზეც იღებს სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენთან ასე არ არის. ერთი დიპლომის ხარისხი არის დაბალი, მეორის – მაღალი, ყველა თანაბრად გაიცემა სახელმწიფოს სახელით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხარისხის მართვის სისტემა საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას და დახვეწას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამედიცინიო უნივერსიტეტი უნდა იყოს დაკავებული ქართველი სტუდენტების მომზადებით და მომავალი ექიმების მომზადებით ქართული სამედიცინო სისტემისთვის.

„დღეს დაახლოებით 50/50-ზეა უხეშად გადანაწილებული ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში,შესაბამისად, ხდება რა – სახელმწიფოს მიერ შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ექიმების მოსამზადებლად ჩვენი სისტემისთვის და ამ ინფრასტრუქტურის ნახევარი ეთმობა უცხოელ სტუდენტებს. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა აკლდება პოტენციურ მომავალ ქართველ ექიმებს. ეს მდგომარეობა ვფიქრობთ, უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, უნდა დაინერგოს სწორედ ეს პრინციპი, უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა. ეს იქნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, დაახლოებით 80 მილიონი იქნება დანაკლისი, საიდანაც 5 მილიონს დაიკომპენსირებს, თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული, მაგრამ გადანაწილდება კერძო უნივერსიტეტებზე. რაც ექნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტს და რაც არის დასაკომპენსირებელი, ჩვენ უნდა დავაკომპენსიროთ და ამის რესურსი არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა ამ მიმართულებით, რომ მაქსიმუმამდე გაიზარდოს სამედიცინო უნივერსიტეტში განათლების დონე და მაქსიმალურად მოემსახუროს ეს უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს.

„უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, ბუნებრივია, უცხოელი სტუდენტები იქნებიან წარმოდგენილი სხვადასხვა უნივერსიტეტებში, თუმცა ეს უნდა იყოს საგამონაკლისო, გაცვლითი და მსგავსი ტიპის პროგრამები, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიზღუდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ქუთაისი იქცეს რიგით მეორე საგანმანათლებლო კერად ქვეყანაში. ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტის დაფინანსების სისტემა დასახვეწია, ეს საგრანტო მოდელი უნდა ჩანაცვლდეს სისტემით, რომელიც ერთობლივად ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს.

 
 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი