''მე ვრჩები გუნდის წევრად'' - ხულოს ყოფილი მერი 

18 ოქტომბერი 2018, 00:00 4980 ნახვა

''მე ვრჩები გუნდის წევრად'' - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ გოჩა მელაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა. ხულოს ყოფილი მერი ამბობს, რომ მალე ახალ პოზიციაზე იმუშავებს. 

ის აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებას უარყობს და ამბობს, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

24 საათიანი დუმილისთვის კი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. 

ხულოს მერმა და პირველმა მოადგილემ თანამდებობები გუშინ დატოვეს. განცხადება გოჩა მელაძემ და ლაშა ბოლქვაძემ 17 ოქტომბერს  დაწერეს.  იურიდიული სამსახურის უფროსის ინფორმაციით, გოჩა მელაძე ვადაზე ადრე დაბრუნდა შვებულებიდან,  ხელი მოაწერა პირველი მოადგილის გადადგომის შესახებ განცხადებას. დაინიშნა ახალი მოადგილე და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

მერის მოვალეობას ხულოს პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე ასრულებს, რომელმაც სამმართველოს უფროსის პოსტი გუშინ წინ დატოვა. ვახტანგ ბერიძე ხულოს პოლიციის უფროსად სამი თვის წინ დაინიშნა. იგი წლების წინ ამავე უწყების ხელმძღვანელი იყო. ივლისამდე კი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში