რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს აშშ-ის ოფიციალური ადმინისტრაცია, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. შესაბამისად, დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2022 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად სახეზეა ორმაგი სტანდარტები.
„ჩვენ გვედავებოდნენ სანქციების არდაწესებას, გვედავებოდნენ იმას, რომ გვაქვს ძალიან შეზღუდულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ამ დროს, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე აგრესიულები არიან ამ მიმართულებით, 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთის ფედერაციაში, ეს ეხება ლატვიას და ლიეტუვას. ასეთია ორმაგი სტანდარტები რაც მოქმედებს, ასევე სხვა მიმართულებით ბევრად უფრო აქტიური ვაჭრობა აქვთ ამ ქვეყნებს რუსეთთან, ვიდრე საქართველოს. შესაბამისად, მათი პრეტენზიები იყო საფუძველს მოკლებული. რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესების განვითარებას, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისთვის, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა, საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა, თუმცა სწორედ ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულების და ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება.
პრემიერის თქმით, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, რომ საქართველოს შეუნარჩუნდეს მშვიდობა და გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება.
„აბსოლუტურად შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვხედავდით, რომ კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა, თუმცა სწორედ ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულების და ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება, რაც ძალიან რთული იყო. ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ხედავდით, რამხელა წნეხი იყო ჩვენს ქვეყანაზე და რამხელა უსამართლობა იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სწორედ ამის გამო, რომ ჩვენ ვიბრძოდით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. რაც შევძელით ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ. რაც არის ტრაგიკული მოვლენა. ხედავთ როგორია ამ ომის ჰუმანიტარული შედეგები. როგორია ადამიანური მსხვერპლი, როგორია ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ზიანი. ქვეყანა მიიყვანეს განადგურებამდე, მოაწყეს რევოლუცია და აღარავინ აიღო პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რომელიც ამის შემდეგ განვითარდა. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ შევძელით ამ სცენარის თავიდან აცილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, თუმცა მოდუნება დღესაც არ შეიძლება. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანას შევუნარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.