შარდოვანას ხშირად ახსენებთ, ალბათ შარდოვანა შარდი გგონიათ - მგალობლიშვილი ბაგრატიონს

24 იანვარი 2019, 00:00 5130 ნახვა

ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის საკითხი, აქტუალური იყო დღეს, აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სხდომაზე. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა განცხადება გააკეთა. ელგუჯა ბაგრატიონმა უმრავლესობის წევრს, ლადო მგალობლიშვილს უთხრა, რომ შარდოვანა პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილისთვის ერთგულების დასამტკიცებლად შეჭამა. 

ელგუჯა ბაგრატიონი: ''არავინ განმარტებას არ აკეთებს. მოსახლეობას დაგვცინით, მთავრობა საერთოდ გვყავს? ცოცხალია?. ​დამთავრდა არჩევნები და ყველა ლიდერის მიერ დაანონსებული ცვლილებების მოლოდინში ხართ. ცდილობთ პოზიციები გაიმყაროთ და სწორედ ამას ემსახურებოდა ლადო მგალობლიშვილის მიერ შარდოვანას შეჭმა პირდაპირ ეთერში. ერთგულებას რომ უმტკიცებთ ლიდერს და დასცინით მოსახლეობას. 

ლადო მგალობლიშვილმა კი თქვა, რომ ბაგრატიონის განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებდა. დეპუტატი ეჭვობს, რომ კოლეგას შარდოვანა შარდში ეშლება.

''არაფერზე კომენტარს არ ვაკეთებ რაზეც ბაგრატიონი საუბრობს. შარდოვანას ხშირად ახსენებს და არ გამიკვირდება, მისი ინტელექტუალური დონიდან გამომდინარე, შარდოვანა შარდი გონია და ამიტომ ლაპარაკობს, ასეთ მდაბიო განცხადებებს აკეთებს'' - თქვა საპასუხო მგალობლიშვილმა

მას ელგუჯა ბაგრატიონმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა: შენსგან განსხვავებით მე ძალიან კარგად ვიცი შარდოვანა და იმიტომ გითხარი, რომ იცოდე რა შეჭამე. 

(ავტ. შარდოვანა - კარბამიდი არის სასუქი, რომელიც გრანულების სახით გამოდის. შეიცავს 46% აზოტს. უსუნოა და კარგად იხსნება წყალში.)
 

ქიმიური ნივთიერება დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა გადაცემა „მთავარი აჭარაში“-ს პირდაპირ ეთერში 19 იანვარს შეჭამა. კარბამიდის გადაყლაპვის შემდეგ, დეპუტატმა ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მატყუარები უწოდა და გააკრიტიკა. 

მოქალაქეთა ნაწილი ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში