''ექიმ-რადიოლოგს პაციენტთან შეხება მხოლოდ კვლევის ფარგლებში ჰქონდა, დიაგნოზს ექოსკოპისტი არ სვამს'' - ექიმების განცხადება

25 მარტი 2019, 00:00 39589 ნახვა

აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოებამ დღეს სოლიდარობის აქცია გამართა და მოქალაქეებს წერილით მიმართა: 

"აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ქალის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების გამო, თანაგრძნობას და თანადგომას უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ახლობლებთან ერთად მოვითხოვთ გამოძიებული იქნას აღნიშნული ტრაგიკული ფაქტი და ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა პირი კანონის ფარგლებში დაისაჯოს.

აქვე გულისტკივილით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დღეებში პრეტენზიები და აგრესია არასწორად იყო პერსონიფიცირებული, რითაც უხეშად დაირღვა ექიმ-რადიოლოგის ეკატერინე ფუტკარაძის უფლებები. კერძოდ, ისმოდა ბრალდებები, რომ მან მიიღო პაციენტი, დაუნიშნა და ჩაუტარა გამოკვლევები, იყო მკურნალი ექიმი, დანიშნულებით გაწერა ბინაზე და ა. შ

ამ დროს არ აღმოჩნდა არცერთი უფლებამოსილი თუ არაუფლებამოსილი პირი, ვინც საჯარო განცხადებას გააკეთებდა, რომ ეკატერინე ფუტკარაძე არის ექიმი-რადიოლოგი (ექოსკოპისტი), რის გამოც  პაციენტთან შეხება ჰქონდა მხოლოდ მისი კვლევის ფარგლებში და საბოლოო დიაგნოზს არ სვამს.

ამდენად, ჩვენ, ყველამ ერთად, ახალგაზრდა სპეციალისტს სხვა არჩევანი არ დავუტოვეთ გარდა იმისა, რომ საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა, სადაც მისი ბრალეულობა ფაქტიურად არ არსებობს.

მოგმართავთ მასმედიის საშუალებებს, ამასთან დაკავშირებით სრულიად მიზანშეუწონელი და მავნეა მასმედიით გავრცელებული ყველა ცნობა, რომელიც არღვევს ექიმის თავი უდანაშაულობის პრეზუმციას. გთხოვთ, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან" - წერია წერილში, რომელიც მედიკოსებმა გაავრცელეს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში