"მიზანმიმართულად მიმდინარეობს სამშობიარო სახლის გაკოტრება" - ბრალდებები და მხარეთა პოზიციები

05 ივნისი 2019, 17:01 3065 ნახვა

"მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 10 აპრილს პარტნიორთა კრება ჩატარდა,  არჩევნები ყველანაირი წესის დაცვით გაიმართა. 137 თანამშრომლის  ნებით ავირჩიეთ ახალი დირექტორი,  დღემდე არ მეძლევა საშუალება, რომ დავიწყო მუშაობა. ჯუმბერ უნგიაძე და მისი ადვოკატი, ერთ-ერთი პარტნიორის საშუალებით მიზანმიმართულად  ცდილობენ შეიტანონ სასამართლოში საჩივარი. ეს კი ხელს უშლის რეესტრში ახალი დირექტორის რეგისტრაციას" - განაცხადა ბათუმის სამშობიარო სახლის  ახალარჩეულმა დირექტორმა ნანა შერვაშიძემ.
მისივე თქმით,  საჯარო  რეესტრის მონაცემებით  ახალარჩული დირექტორის რეგისტარციისთვის ხარვეზი არ არსებობს, ისინი  უბრალოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

სამშობიარო სახლში შექმნილ  სიტუაციაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე სხვა მედიკოსებმაც ისაუბრეს. ისინი იქ შექმნილ ვითარებას მიზანმიმართულ  ზეწოლად აფასებენ და კორუფციულ გარიგებაზეც საუბრობენ.
"მიზანმიმართულად მიმდინარეობს სხვადასხვა ჯგუფების მიერ  სამშობიარო  სახლის გაკოტრება. ჩვენი აზრით ძირითადი ინტერესია შენობა,  რომელიც  სასურველ ადგილზე მდებარეობს და ხდება ამ შენობის ოკუპაცია. სამშობიარო სახლი კერძო საკუთრებაა,  ამიტომ როგორც, ჩანს სხვაგვარად გაუჭირდათ  ჩვენი დამორჩილება. ვფიქრობთ, დირექტორის რეგისტრაციის პროცესს  განზრახ აჭიანურებენ, ამ გზით კი სამედიცინო დაწესებულების გაკოტრებას ცდილობენ"- განაცხადა ფატმა ლორთქიფანიძემ.

სამშობიარო სახლის წარმომადგენლები სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზეც საუბრობენ, რომელშიც ჯუმბერ უნგიაძეცაა ჩართული.

"ჩვენი აზრით ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებებს. ამ საქმით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ფინანსური პოლიცია უნდა დაინტერესდეს. გადაიხედოს ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია  შპს სამშობიარო სახლსა და სამინისტროს შორის. ჩვენს ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ თებერვლიდან კუთვნილი ხელფასები არ მიგვიღია, სამშობიაროში არაფერი კეთდება, არანაირი აპარატურა, სანიტარული თვალსაზრისით გადახალისება, რომელიც წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ხდებოდეს. ამიტომ ვფიქრობთ, მათი მიზანია, რომ სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება შეწყვიტოს."


ბრიფინგზე შეკრებილებმა დღეს რამდენიმე მთავარი მოთხოვნა გაახმოვანეს.


➤შეწყდეს სამშობიარო სახლის მიმართ მიზანმიმართული გაკოტრების ღონისძიებების კასკადი;
➤შეწყდეს თანამშრომელთა  ბულინგი და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები;
➤გადაიხედოს ხელშეკრულება  რომელიც გაფორმებულია  შპს სამშობიარო სახლსა და სამინსიტროს შორის;
➤მსჯელობის საგნად გადაიქცეს 2016 წელს არჩეული დირექტორის საკითხი და გამოძიებული იქნას მისი  სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა.


2019 წლის 10 აპრილს ჩატარებულ არჩევნებს, ბათუმის სამშობიარო სახლის იურისტი  არალეგიტიმურს უწოდებს.  სიმონ ასათიანის განმარტებით,  არჩევნები პროცედურების დარღვევით ჩატარა, ამიტომ შედეგები სარწმუნო არ არის.

"აქ უნდა შემდგარიყო კრება, სადაც პარტნიორებს ყოველგვარი თავშეკავების გარეშე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. ასეთი კრება არ ჩატარებულა. შექმნეს ყალბი შინაარსის კრების ოქმი საჯარო რეესტრისთვის. თითქოს კრება137 პარტნიორის მონაწილეობით ჩატარდა. ამ შენობაში ვერ მანახებთ ოთახს, სადაც ამ რაოდენობის ადამიანი დაეტევა, მათ შორის სააქტო დარბაზშიც კი" - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სიმონ ასათიანმა.

იურისტის  განმარტებით, სასამართლოს მიმართეს იმიტომ, რომ  საჯარო რეესტრში წარდგენილი ოქმი რეალობას არ შეესაბამებოდა. კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებულ ბრალდებას კი მან დეზინფორმაცია უწოდა.

"მათ არაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ ააგორონ დეზინფორმაცია და ჭორები. საზოგადოებას მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია."

ბრალდებებს აბსურდული უწოდა ჯუმბერ უნგიაძემაც. პირად საუბარში განმარტა, რომ დირექტორის უფლებამოსილებას აღარ ახორციელებს  და მას სამშობიარო სახლთან მხოლოდ პროფესიული საქმიანობა აკავშირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი