ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აჩენს - გამჭვირვალობა საქართველო

26 ივლისი 2019, 16:24 1806 ნახვა

''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაში ოქრუაშვილის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები, ცხადად არ იკვეთება. 

ორგანიზაციის წევრები პროკურატურას მოუწოდებენ ოქრუაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი წონადი მტკიცებულებები გაასაჯაროონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

''25 ივლისს პოლიციამ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (სსკ 225-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილი) საფუძვლით პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო მტკიცებულებები ოქრუაშვილის მონაწილეობით.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილ ვიდეომასალაში ცხადად არ იკვეთება ოქრუაშვილის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები. ოქრუაშვილის როგორც მოწოდებები, ისე ქმედებები მის დასაკავებლად არ იყო საკმარისი.

გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირი, ასევე, მან ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მფლობელობაზე პრეტენზია გამოთქვა, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებაზე ისაუბრა და წილების დაბრუნებისათვის სამართლებრივი დავა დაიწყო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, გაასაჯაროონ ოქრუაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი წონადი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება'' - წერია ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში