კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა რუსთავი2 დატოვეს

20 აგვისტო 2019, 21:07 3075 ნახვა

"მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში საიდანაც ვეღარ გეტყვით რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი. ვტოვებ ჩემს საყვარელ კურიერს და ადამიანებს რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიცხოვრე. მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება- ამ სიტყვებით დაემშვიდობა კურიერის წამყვანი დიანა ჯოჯუა ტელემაყურებელს.

ტელეკომპანია დატოვა "რუსთავი 2" ის კიდევ ერთმა წამყვანმა მიშა სესიაშვილმა.

ისიც მაყურებელს  დაემშვიდობა. სესიაშვილის თქმით, ტელეკომპანიაში ტოტალური წმენდა დაიწყო.

„წითელი ხაზები გადაკვეთილია. "რუსთავი 2-ში" ტოტალური წმენდა დაიწყო. ეს ჩემთვისაც დასასრულია, დასასრული ისეთი "რუსთავი 2-ის," რომელიც მიყვარდა და რომელსაც აფასებდა მაყურებელი 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გუნდდთან, რომელიც გაცილებით მეტი იყო ვიდრე სამსახური, რომელიც იყო ოჯახი, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, ბრძოლაში გამოწრთობილი ადამიანების ერთობა, რომელიც ქმნიდა თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში და საუკეთესი სატელევიზიო პროდუქტს. მე დღეს ვტოვებ "რუსთავი 2-ს," მაგრამ ვიტოვებ იმედს რომ ისევ შევხდებით ბრძოლა გრძელდება უკეთესი მომავლისთვის, თავისუფალი საქართველოსთვის,“ - განაცხადა მიშა სესიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში