დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება - პრეზიდენტი პოლიციელის შეწყალებაზე

06 სექტემბერი 2019, 20:27 1278 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, პოლიციელის შეწყალების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.  მისი თქმით, საზოგადოებაში გაჩენილი ვნებათაღელვის შემდეგ, გამოდის ინციატივით, დაჩქარდეს შეწყალების უფლების გამოყენების კრიტერიმუმების დახვეწა.

''შეწყალებაზე ჩემი გადაწყვეტილება თუ პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მათ ვპირდები, არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს პოლიციისადმი სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება'' - ამბობს პრეზიდენტი. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

''როგორც საზღვარგარეთ ვიზიტის დროს დავაანონსე, შეწყალების აქტის გამოცემის შედეგად შექმნილ ვითარებაზე კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაკეთებდი. შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება. თუმცა, ჩემთვის ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ჩემს მიერ გამოცემულმა შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი.

იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა.

და ბოლოს, ზოგმა რეაქციამ კითხვის ქვეშ დააყენა პოლიციის ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ამ საკითხზე ჩემი კატეგორიული და ურყევი პოზიციის გამოხატვა, რაც არაერთხელ გამიკეთებია ყველაზე საჭირო მომენტებში. არაერთხელ განვაცხადე, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენი პოლიციელების ერთგულებაზე და თავდადებაზე არის დაფუძნებული. ამიტომ, თუ ჩემი გადაწყვეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება'' - წერია განცხადებაში. 

საქართველოს პრეზიდენტმა, 28 იანვარს, ბათუმელი რამაზ დევაძე შეიწყალა, რომელიც პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი