გიორგი გახარია - ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია

10 სექტემბერი 2019, 18:51 1153 ნახვა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენი მთავრობა ამ კურსის ერთგულია - უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენს.

გიორგი გახარია, პრემიერი რანგში დღეს ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს შეხვდა, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.  

მთავრობის მეთაურმა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის ამაღლებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევაზე ისაუბრეს. 

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიღწევები დადებითად შეაფასა.  

შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე გამახვილდა ყურადღება. 

ინფორმაციას პრემიერი ადმინისტრაცია ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში