საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოქალაქეს შეუძლია ''უჩიპო'' პირადობა აიღოს - საკონსტიტუციო

27 დეკემბერი 2019, 10:46 6155 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება, დღეიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მოქალაქეებმა ნანა სეფაშვილმა და ია რეხვიაშვილმა საქართველოს პარლამენტისა და  იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ მიმართეს. მოსარჩელეების მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში