ქობულეთში, წმინდა კირიონ კათალიკოსის ეკლესიის გვერდით მრევლისთვის კარავი გაშალეს

14 აპრილი 2020, 15:50 1968 ნახვა

ქობულეთში, წმინდა კირიონ კათალიკოსის ეკლესიის გვერდით არსებულ  წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ნატაძრალზე, რამდენიმე დღის უკან კარავი გაშალეს. მამა გაბრიელის თქმით, თუ ისინი საპატრიარქოსგან სააღდგომო ლიტურღიის ჩატარების ნებართვას მიიღებენ, ისინი ამისთვის მზად იქნებიან და სოციალურ დისტანციასაც დაიცავენ. მისივე განმარტებით, კარავიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ჟურნალისტის კითხვაზე რატომ დადგა დღის წესრიგში ასე ნაადრევად კარვის გაშლის საჭიროება და ელოდებიან თუ არა ისინი ღამისთევისთვის მრევლის დიდ რაოდენობას ტაძარში? სასულიერო პირმა აჭარის მაუწყებელს განუცხადა, რომ ისინი ყველაფრისთვის მზად არიან.

"ცუდი ამინდი რომ იყოს ჩვენ მზად გვაქვს ტაძარში მომსვლელი მრევლისთვის ყველაფერი. ჩვენ ვიცავთ ყველანაირ წესებს და ვითვალისწინებთ საპატრიარქოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, მათ შორის სოციალური დისტანციასთან დაკავშირებითაც"- განაცხადა მამა გაბრიელმა.

ამ დროისთვის ტაძრის ეზოში კარვის პარალელურად გაშლილია ქოლგები და მოწყობილია მცირე ზომის ამბიონი, სადაც ყოველ დღე წირვა-ლოცვები ტარდება.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ შეძლებს თუ არა მრევლი სააღდგომო ლიტურღიაზე დასწრებას ჯერ არ იციან.მისივე თქმით, მამაომ ეს გადაწყვეტილება მათი წვიმისგან დაცვის მიზნით მიიღო.

"ეს არის ძალიან მცირე ზომის ტაძარი, იქ ხალხი ფიზიკურად ვერ დაეტეოდა, ამიტომ მამაომ იზრუნა იმაზე, რომ მისი მრევლი წვიმისგან დაცული ყოფილიყო, დაცული ყოფილიყო დისტანცია, მოიტანა ქოლგები და შეძლებისდაგვარად გადახურა ტერიტორია ბრიზენტით. მოსახლეობა ბევრი დგას ეზოში და ეზოში ისმენს ღვთისმსახურებას. ჯერ-ჯერობით ვიცით მხოლოდ ის, რომ აღდგომა ჩატარდება ღამისთევით, ამის გარდა მრევლი მოახერხებ თუ ვერა დასწრებას ჯერ პასუხი არ გაგავაჩნია"- განუცხადა აჭარის მაუწყებელს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში