დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ამერიკის მოქალაქეს მოტყუებით 233 250 დოლარი გადმოარიცხინეს - პროკურატურა 

17 აგვისტო 2020, 11:13 1380 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნიგერიის მოქალაქეებმა წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში, გამოგონილი პიროვნების სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი და კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებული დ.კ დაარწმუნეს, რომ მასთან კომუნიკაციაში იყო ვითომდა საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი ფრენკ ლუკას ბალაკი, რომელსაც თითქოსდა მოგებული ქონდა 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებით.

''ნდობის მოპოვების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ამავდროულად დაარწმუნეს, რომ მკურნალობის მიზნით საქართველოში გადმორიცხული ფულადი თანხები აუნაზღაურდებოდა ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული შემოსავლებიდან. 

დაზარალებულმა დ.კ-მ რეალურად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად,  გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რომელსაც ნიგერიის მოქალაქეები მართლსაწინააღმდეგოდ  დაეუფლნენ.   

შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის, მიზნით ო.ფ-მ,  ფ.ჩ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც მოახდინეს ჯამში 86 800 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

2020 წლის 14 აგვისტოს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში