მეორე ტურის სპეციფიკამ, პანდემიამ და ოპოზიციის ბოიკოტმა განაპირობა, რომ მაღალი აქტივობა არ არის - მდინარაძე

21 ნოემბერი 2020, 17:28 886 ნახვა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მეორე ტურის სპეციფიკამ, პანდემიამ და ოპოზიციის ბოიკოტმა განაპირობა ის, რომ საარჩევნო უბნებზე მაღალი აქტივობა არ არის.

მისივე განმარტებით, რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს.

"ზოგადად მეორე ტურის სპეციფიკის, პანდემიის და ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით აქტივობა არ არის მაღალი, თუმცა ნორმალურია. მოსახლეობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას საარჩევნო ყუთებთან აფიქსირებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს. 

დილიდან არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, რომ რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს ბიულეტინებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულა არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგ კი ეს ყველაფერი არჩევნების დისკრედიტაციისთვის და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ.

მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ დღევანდელი დღე ბოლომდე ასე ჩაივლის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამომრჩეველს მივიდნენ უბანზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა "ქართული ოცნების" კანდიდატების მიმართ"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში