Facebook-ზე, Instagram-ზე და Twitter-ზე დონალდ ტრამპის ოფიციალური გვერდები რამდენიმე საათით დაიბლოკა

07 იანვარი 2021, 11:06 1224 ნახვა

Facebook-ისა და Instagram-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროფილი 24 საათით დაბლოკა. Twitter-მა კი 12 საათით. ტრამპის ვიდეო გზავნილი ასევე ამოღებულია YouTube-ი პლატფორმიდან.

Facebook-სა და Instagram-იდან წაშლილია ვიდეომიმართვა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა. ვიდეომიმართვაში დემონსტრანტებს, რომელთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა, ტრამპმა "განსაკუთრებულები" უწოდა და უთხრა, რომ ისინი უყვარს.

სოციალურმა ქსელმა ვიდეო ძალადობის წახალისებად შეაფასა და ქსელიდან წაშალა, ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის პროფილი Facebook-ის პოლიტიკის ორ წესს არღვევდა.

Twitter-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ტრამპის პროფილი სამოქალაქო ერთიანობის პოლიტიკის განმეორებითი დარღვევების გამო დაიბლოკა. 

„@realDonaldTrump-ის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ აღნიშნული ტვიტები არ წაიშლება, ანგარიში დაბლოკილი დარჩება“, - წერს Twitter-ის ადმინისტრაცია.

შეგახსენებთ, ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. ამბოხს წინ უსწრებდა სხდომა, სადაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქში კი კომენდანტის საათი გამოცხადდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი