ჩვენი ამბიციაა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი - ირაკლი ღარიბაშვილი

16 მარტი 2021, 18:16 994 ნახვა

ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარების საქმეში. პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი იყო ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს. ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"ნება მიბოძეთ, საქართველოს, როგორც ძლიერი და საიმედო დემოკრატიული პარტნიორის მკაფიო მზადყოფნა გამოვთქვა დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გეოპოლიტიკურად დაძაბულ რეგიონში. ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ. გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი გზა გავიაროთ. ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარების საქმეში. პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი იყო ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს.

ჩვენი ამბიცია არის, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი. ევროკავშირი არის ერთ-ერთი ძირითადი დონორი საქართველოს განვითარებისთვის. ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს, დაეხმარა ჩვენს ქვეყანას კოვიდთან ბრძოლაში პანდემიის დასაწყისიდან. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია აღდგენისკენ, მიუხედავად პანდემიის მძიმე შედეგებისა საქართველო ახორციელებს რეფორმებს, ჩვენ ვაფასებთ ამ დახმარებას, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ტექნიკური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პანდემიის შედეგების გადალახვის კუთხით.

ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას, მიღებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას გულისხმობს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2020 წლის არჩევნები იყო ისტორიული გადასვლა საპარლამენტო დემოკრატიის ეტაპზე და ნახსენები იყო, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება დაცული იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა კიდევ უფრო დინამიური გახდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, შემცირდეს ფიზიკური დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საქართველოს მეტი შესაძლებლობა სჭირდება უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის. ჩვენთვის ეტაპობრივი და ინტენსიური ინტეგრაცია იქნება შემდეგი საეტაპო მოვლენა. საქართველო ევროკავშირის კარიბჭეა და მნიშვნელოვანი ალტერნატიული სატრანსპორტო ჰაბი და ეს მიზნები ყველასთვის საერთოა. შავი ზღვის პოტენციალი სრულად უნდა იყოს ათვისებული.

ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. მადლობას ვუხდით ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ევროკავშირის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გულისხმობს მონიტორინგის მისიის ჩართულობას და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ მივაწოდეთ ევროკავშირს ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევებზე, რომლებსაც აქვს ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ზაზა გახელაძის დაკავებაზე. მადლობას ვუხდი ჟოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის და იმედს ვიტოვებ, საქართველოში გიხილოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში