აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე, თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდში გადადის

03 ივნისი 2021, 18:03 1303 ნახვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდში გადადის. ამის შესახებ ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"პრაქტიკულად რვა წლის განმავლობაში ვიკავებდი აფხაზეთის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს, რომელიც ნამდვილად უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის ურთულესი გამოწვევებიდან, უმძიმესი მოცემულობიდან და იმ საზოგადოების მოწყვლადობიდან გამომდინარე, რომელსაც ვემსახურებოდი. ამ პერიოდში არაერთი რეფორმისა, თუ განხორციელებული ცვლილების შედეგად უწყება, რომელიც ჩავიბარე, ჩამოყალიბდა სამინისტროდ, ხუთჯერ გაზრდილი პროგრამული ბიუჯეტით, ბენეფიტის ხელმისაწვდომობის გაფართოებული არეალით, ბენეფიციარზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლის მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისებით, ფინანსური მხარდაჭერითა და რაც უმნიშვნელოვანესია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ადამიანების მიმართ გატარებული პოლიტიკით, როგორც ჯანდაცვის, ისე ნდობის აღდგენის კუთხით.

განსაკუთრებით მინდა, გამოვყო კოვიდპანდემიის ურთულესი პერიოდი, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების, პირადად ჯანდაცვის მინისტრის მხარდაჭერით ვუწევდით დახმარებას საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს.

ეს მეტად ფაქიზი და სენსიტიური თემაა და ყოველთვის თავს ვიკავებდი ფაქტების გასაჯაროებისგან, თუმცა დღეს არსებული მოცემულობა – კონკრეტული ქეისები, სტატისტიკა, განწყობა, რუდუნებით მოპოვებული ურთიერთობები მაძლევს უფლებას განვაცხადო, რომ ეს მიმართულება ჩემი საქმიანობის ყველაზე წარმატებული პროექტია, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მშენებლობაში.

სწორედ დეოკუპაციის მიმართულებით განხორციელებული სამშვიდობო პოლიტიკა, გონივრული და თანმიმდევრული ნაბიჯები მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და ჩატეხილი ხიდის აღდგენისკენ, ენგურს გაღმა დარჩენილი მოსახლეობის შემრიგებლობისა და ურთიერთსიყვარულის დაბრუნებისაკენ.

საკუთარ, მამა-პაპისეულ სახლებში ღირსეულად დაბრუნებაა უმთავრესი სურვილი თითოეული ჩვენგანისთვის. რასაკვირვლია, მეც ერთ-ერთი ვარ იმ მრავალრიცხოვან დევნილთაგან,რომელსაც ამ მიზნისკენ ბრძოლის დაუძლეველი სურვილი მამოძრავებს;

აქედან გამომდინარე, ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას,ვ ტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს, რომლის ხედვები, დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი, რომელიც წარმოდგენილია ღირსეული, წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით; გუნდი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი – გიორგი გახარია, რომელიც მჯერა, რომ თავისი პიროვნული თვისებებით, ღირებულებებით, ერუდიციით, ეფექტიანი მართვით, მათ შორის კრიზისული სიტუაციების წარმატებული მართვითა და დასახული მიზნებით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის! უდიდესი პატივია ჩემთვის, გავხდე ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, რათა ჩემი გამოცდილება, რესურსი კიდევ უფრო მეტად იყოს რეალიზებული და მხარდაჭერილი ახალი გამოწვევების დასაძლევად, საერთო მიზნის მისაღწევად“, - წერს ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში