ენმ წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან შოთის პური, ღვინო და პრასი მიიტანეს - ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

15 ივლისი 2021, 11:00 1954 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან შოთის პური, ღვინო და პრასი მიიტანეს - აცხადებენ, რომ ამ პერფორმანსით გუშინ, აჭარის მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ვახშამს აპროტესტებენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ, ''ტვ პირველის'' გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

მიშა ბოლქვაძის თქმით, მაშინ როცა ქვეყანა 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავებული ოპერატორის გარდაცვალებას გლოვობდა, მთავრობის წევრები რესტორნაში არ უნდა შეკრებილიყვნენ. 

''რა აქეიფებდათ გუშინ,  როცა მთელი ქვეყანა გლოვობს, ასობით ადამიანი შიმშილობს და ეკონომიკა ჩამოშლილია. მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრებთან და ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლებთან ერთად ქეიფობდა. რა აქეიფებდათ?  ხომ ნახეთ გუშინ რა თამამად გამოდიოდა. ჩვენ არ შემოვდივართ კონფლიქტში, აქ ჩხუბს და დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ახალგაზრდა ოპერატორის გარდაცვალებას ვგლოვობთ. გვინდა იცოდეთ, რომ რუსულ პოლიტიკას ხელს არ შევუწყობთ, ახალგაზრდებთან ერთად ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება'' - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ. 

მაუწყებელი აჭარის მთავრბის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში