ავარიული სახლები ბათუმში

11 ოქტომბერი 2021, 14:45 1652 ნახვა

26 მაისის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მაუწყებელში არა ერთი ზარი შემოდის სხვადასხვა მისამართიდან ავარიულ შენობებთან დაკავშირებით.

სამი დღის განმავლობაში ჩვენმა გადამღებმა ჯგუფებმა ქალაქის ტერიტორიაზე 20-მდე ავარიული სახლის გადაღება შეძლეს.  ჰაიდარ აბაშიძის 21 ნომერში ორსართულიან კორპუსში მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილზე გადასვლას წლებია  ითხოვენ.  120 წლის წინ აშენებული სახლი სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა 2019 წელს შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ შენობაში ცხოვრება საფრთხის შემცველია,   ჩამოშლილია ნაგებობის ნაწილი და სახურავიდან წყალი ჩაედინება, კედლები კი ყოველდღიურად იშლება. მსგავსი მდგომარეობაა ლუკა ასათიანის 49 ნომერშიც, აქ გასულ წელს ჩამოიშალა სადარბაზოს ჭერი.

ჩვენს ობიექტივში მოხვდა არაერთი მიშენების და დაშენების კადრები, დილიდან  სამუშაოები შეჩერდა ჯავახიშვილის 75 ნომერში, სადაც  ხუთსართულიან შენობის პირველ სართულზე საცხოვრისის კომერციულ ფართად გადაკეთება მიმდინარეობდა, ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებიც და უწყებაში განმარტავენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშოები სანებართვო პირობების გადამოწმების მიზნით შეაჩერებინეს.

მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტავენ, რომ ობიექტების შესწავლასთან დაკავშირებით  ბოლო სამ დღეში მოქალაქეების მიმართვიანობა გაზრდილია და მუშაოების საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.  

ტურისტული ქალაქის ტერიტორიაზე  რამდენი ოჯახი ცხოვრობს ავარიულ კორპუსში და როგორ აპირებს თვითმმართველობა პრობლემის მოგვარებას- საკითხთან დაკავშირებით მერიისგან კომენტარს მესამე დღეა ველოდებით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში