ფერმერები ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს დროულად გახსნას ითხოვენ

30 ნოემბერი 2021, 15:45 1393 ნახვა

ქობულეთში, ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოსთან, დღეს, დილიდან მანდარინით დატვირთული სატვირთო ავტომობილების რიგებია.

როგორც ფერმერები ამბობენ, ისინი ელოდებიან საწარმოს დროულად გახსნას და მანდარინის ჩაბარებას, რათა მოკრეფილმა ციტრუსმა ლპობა არ დაიწყოს.

როგორ წვენების საწარმოს დირექტორი, რევაზ გოგიტიძე ამბობს ციტრუსის მიღება შესაძლოა ხვალიდან დაიწყონ.

"საწარმო სავარაუდოდ გაიხსნება ხვალ. ვემსახურებით გურიის და აჭარის რეგიონს. ვფიქრობთ, რომ წელს 10 000 ტონას დავამუშავებთ. რაც შეეხება ფასს, წინა წლების მსგავსად ფერმერი მიიღებს 20 თეთრს, სადაც 10 თეთრს დააფინანსებს სახელმწიფო სუბსიდიის სახით, ხოლო დარჩენილ 10 თეთრს კომპანია გადაიხდის. რიგი ყოველთვის იყო და იქნება მომავალშიც, ეს იმას ნიშნავს, რომ მსურველები არის იმაზე მეტი, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთში ქარხანას შეუძლია გადაამუშაოს.

ვფიქრობთ, გადამუშავების გარეშე არ დავტოვებთ არც ერთ ფერმერს,თუმცა სამწუხაროდ დღე-ღამის განმავლობაში შეგვიძლია 300 ტონის გადამუშავება და დროის გარკვეულ მონაკვეთში მეტი მოდის.

ტრადიციულად ჩვენ კონცენტრირებულ წვენს ვყიდით იაპონიაში, გაგვაქვს ევროპაში და აქტიურად დავიწყეთ გაყიდვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში"-განაცხადა რევაზ გოგიტიძემ.

გასულ წელს საწარმომ 11-ათასი ტონა ციტრუსი მიიღო და გადაამუშავა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში