ქობულეთში სოციალურ პროგრამებისთვის 200 000 ლარით ნაკლები დაიხარჯება, საჯარო მოხელეების ხელფასები კი იზრდება - ენმ

27 დეკემბერი 2021, 14:59 994 ნახვა

ოპოზიცია ქობულეთში ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. საკრებულოს წევრებმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დღეს მერიის წინ ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით გასულ წელთან შედარებით სოციალურ პროგრამებისთვის 200 ათასი ლარით ნაკლები გამოიყო, ამ ფონზე კი გაიზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები.

ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა როგორც დაცვის სამსახურმა განუცხადა, მერი სამუშაო საათებში ადგილზე არ იმყოფებოდა.

ქობულეთის მერის პირველი მოადგილე ოპონენტებს მოუწოდებს გულდასმით წაიკითხონ ბიუჯეტი, რის შემდეგაც აღმოაჩენენ, რომ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 2022 წლს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაზრდილია.

რაც შეეხება საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების მატების საკითხს, დავით ვერულიძე ამბობს, რომ ეს სახელმწიფოს ერთიანი მიდგომაა და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.  ასევე ამბობს, რომ რიგით თანამშრომლებსაც მოემატათ ხელფასები.

''ისინი იქ აღმოაჩენენ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებში თანხები კი არ შემცირდა, გაიზარდა. არა მარტო ამ მიმართულებით. თითქმის ყველა პროგრამის სასტარტო ბიუჯეტი გაზრდილია 2021 წელთან შედარებით. 

რაც შეეხება ხელფასებს. მე ვფიქრობ, რომ გონივრული მიდგომაა, რადგან კვალიფიციური კადრების მობილიზება მოხდეს. გარდა ამისა რიგით თანამშრომლებსაც მოემატათ 10%-ის ფარგლებში. როგორც პრემიერმა თქვა, ეს მატება სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ეტაპობრივად ყველა თანამშრომელს მოემატება და ექნება ღირსეული ანაზღაურება. კერძოს სექტორი დიდ კონკურენციას უწევს საჯარო სექტორს და  ხდება კვალიფიციური კადრების გადინებას'' - განაცხადა ვერულიძემ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში