სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს, დღეს არ არის პურის ფასის გაზრდის წინაპირობა - ლევან დავითაშვილი

16 მაისი 2022, 15:31 578 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს.

ლევან დავითაშვილის თქმით, არსებული გარემოფაქტორების გათვალისწინებით, პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის.

რაც შეეხება ხორბალს, მინისტრის განმარტებით, არის გარკვეული მარაგი.

„ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, რომ იყოს პურზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის. ასევე, იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები. რა თქმა უნდა, გაზრდა არ არის მთავრობის ინტერესში და არ არის საზოგადოების ინტერესში. ამიტომ ჩვენ რომ ხელოვნური ბარიერები შევქმნათ, ამ შემთხვევაში ფქვილის იმპორტის - ეს მიუღებელია, ამაზე პრემიერმა დღეს გააკეთა განცხადება. მთავარია, ჩვენ გვქონდეს დეტალური მონიტორინგი იმისა, რომ ჩვენ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა და ეს ასეც იქნება. ამაზე პასუხისმგებლობა აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვფიქრობ, ძალიან კარგად ართმევენ თავს.

 

საქართველო დღეს არის ტრანზიტული ქვეყანა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია, მათ შორის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები. ჩვენს კორიდორში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე, ის უსაფრთხოების საკითხები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, გათვალისწინებულია და ქვეყანას არ აქვს პრობლემები.

მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველაზე კომპეტენტური უწყება არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივად აქვს კომუნიკაცია კომპანებთან და შესაბამისად, მთავრობა, როგორც წესი, ეყრდნობა და ითვალისწინებს იმ გადაწყვეტილებას და რეკომენდაციას, რომელსაც ეს სამინისტრო წარმოგვიდგენს ხოლმე.

პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის. თუ გარემოფაქტორები შეიცვლება, რა თქმა უდნა, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, თუმცა ამ გარემოფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ვითარებაში ამას არ აქვს წინაპირობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, შეფერხება მომარაგებასთან დაკავშირებით არ არსებობს, არის რეალურად მოწოდებაში ცვლილება ფქვილის და ხორბლის ბალანსში, რაც გამოწვეულია ძირითადი ჩვენი იმპორტიორი ქვეყნის მიერ დაწესებული საექსპორტო გადასახადით ხორბალზე.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფქვილის მოწოდების მხრივ და მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება ხორბლის შემოტანისა და მომარაგების საკითხებს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია დარგთან, არა ერთი შეხვედრა გვქონდა და ვისაუბრეთ გადაწყვეტის გზებზე, თუმცა ის შემოთავაზებები, რაც იყო გაკეთებული, ვფიქრობთ, რომ არ არის მისაღები, ვინაიდან ეს ცალსახად გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს პურის ფასში. აქედან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების და ხორბლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ამ საკითხის დარეგულირებაზე ვფიქრობთ, რომ კიდევ არის სამუშაო“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პრემიერის განცხადებით, ხორბლისა და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს.

მისივე თქმით, ეს საკითხი გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო პოლიტიზირებული, აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნეს.

„დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? - რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად,“-აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში