ომის 105 დღე უკრაინაში

08 ივნისი 2022, 19:47 731 ნახვა

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები „50-50-ზე“ ფორმულით გაცვალეს. 50 უკრაინელი სამხედროდან 37 „აზოვსტალის“ ქარხანაშია მოკლული. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.  ომის 105-ე დღეს, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე საჰაერო იერიში მიიტანეს, სადაც ერთ-ერთი სკოლა სრულად განადგურდა. არსებობს ცნობები დაშავებულებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ რთულია. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში წარმატებებს მიაღწიეს და საპასუხო შეტევა სამხრეთ-დასავლეთით წამოიწყეს. ასევე, უკრაინის არმია აგრძელებს თავდაცვას სევეროდონეცკში, ხოლო ოკუპანტები ლუგანსკში სამი მიმართულებით მიიწევენ წინ. გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ მცირე 4 253 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 272 ბავშვი, თუმცა, ორგანიზაციის განცხადებითვე მონაცემები სურათს სრულად არ ასახავს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში