დაზეპირებული პასუხებით და ლამაზი ფერებით წარმოჩენილი ნაგავსაყრელი - ადგილობრივები შეხვედრაზე

18 ოქტომბერი 2019, 14:51 3799 ნახვა

მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში,​ სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობის, ნაგავსაყრელის მშენებელი კომპანიის, აჭარის მთავრობისა და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში მედიისთვის დაიხურა.

შეხვედრის შემდეგ ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ისინი  უკმაყოფილო იყვნენ, რადგან კითხვებზე დაზეპირებული პასუხები მიიღეს.

"შეხვედრაზე დაზეპირებული პასუხები გაგვცეს, რომ ყველაფერი არის იდეალურად, ლამაზ ფერებში და არასახიფათო ნაგავსაყრელია. რომც ავფეთქდეთ თურმე, კამფეტების ჩამოცვენას უნდა ველოდოთ ციდან"- განაცხადა ცეცხლაურის მკვიდრმა, ნოდარ ბერიძემ.

ადგილობრივები  ითხოვენ შეიქმნას კომისია სახელმწიფო დონეზე ევროპელი სპეციალისტების ჩართულობით, სიმართლის დასადგენად.

"ვაპროტესტებთ იმ კატასტროფას რაც გვემუქრება. შედგა მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან. ის განცხადებები რაც გვაქვს შეტანილი პრეზიდენტის, პრემიერის და შესაბამისი სამინისტროების სახელზე ჯერ პასუხები არ მიმიღია. ნაგავს საშველი უნდა დაადგეს, რადგან ანგისის ნაგავსაყრელი ჩაძირულია მთლიანად ნაგავში, მაგრამ გაკეთდეს ერთი და გაფუჭდეს შვიდი, ეს დაუშვებელია"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

შეხვედრას წინ უძღოდა გუშინ საპროტესტო აქცია. ცეცხლაურში, ნაგავსაყრელთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობდა და მშენებლობის შეწყვეტას ითხოვდა. მათ 14 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს და ხელისუფლებას კითხვებზე პასუხების გაცემა მოთხოვეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში