გრიგოლ ნარსიას ჩვენების მიხედვით მას თანამზრახველი არ ჰყოლია

22 სექტემბერი 2022, 14:56 638 ნახვა

ქუთაისში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი მომხდარს ნანობს. მისი ჩვენების მიხედვით მას თანამზრახველი არ ჰყოლია. იგი ჩვენებაში დეტალურად იხსენებს, როგორ შეიჭრა ბანკის შენობაში და აიყვანა მძევლები.

ნარსია ამბობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები რეალური არ იყო.

"ბანკში მყოფი ადამიანები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ ბანკში კარი დავკეტე და დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაკეტი-მულიაჟი. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, მე ისინი მეცოტავა, ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსისთვის დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანათ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე, ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით’’ - აცხადებს ნარსია.

ჩვენებაში ნარსია განმარტავს რატომ მოითხოვა რუსეთის დროშა და ანკესი.

"მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესი, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა. მითხრეს, რომ ჩემთვის ფული ჰქონდათ მოტანილი და მკითხეს, მქონდა თუ არა ჩანთა, მე ვუპასუხე რომ მქონდა და შევძლებდი ფულის წაღებას. ამავე დროს უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები, მათ გამაკავეს, გავუწიე ფიზიკური წინააღმდეგობა, თუმცა მოახერხეს ჩემი გაკავება. დანა, ხელყუმბარა და სხვა ნივთები არ გამომიყენებია, წამართვეს"-ვკითხულობთ გამოკითხვის ოქმში. შეიარაღებული მძარცველი ამბობს, რომ მან დაკავებისას მიიღო დაზიანებები, მაგრამ პრეტენზია არ აქვს. ,, დაკავების დროს გავუწიე წინააღმდეგობაა, მივიღე დაზიანებები, აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით მე პოლიციის თანამშრომლებთან პრეტენზია არ გამაჩნია. მე ვაღიარებ იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტს, ჩემს მიერ მითითებულ ბანკზე თავდასხმის ფაქტს, მძევლების ხელში ჩაგდებას. გულწრფელად ვნანობ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას და გთხოვთ აღნიშნული გაითვალისწინოთ’’, -წერია ნარსიას ჩვენებაში.

გრიგოლ ნარსიამ საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმისას 14 მძევალი აიყვანა. ითხოვდა 2 მილიონ ამერიკულ დოლარს. დაკავებული ბრალის წარდგენას ამ დრომდე ელოდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში