უთანხმოებების მიუხედავად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას აქვს მომავალი - პესკოვი

24 ნოემბერი 2022, 10:51 551 ნახვა

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რომელიც უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ საჯაროდ იშვიათად აკეთებს კომენტარებს, ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

პესკოვის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას აქვს მომავალი, იმის მიუხედავად, რომ სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ვერ შეთანხმდნენ ყველა საკითხზე. პესკოვმა ეს უთანხმოება არსებულ რთულ სიტუაციას დააბრალა.

წლის დასაწყისში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სომხეთის კრიტიკის ქარცეცხლში   მას შემდეგ მოექცა, რაც  ორგანიზაცია ერევნის ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანთან კონფლიქტში  არ ჩაერია. ამის გამო სომხეთის ოპოზიცია ხელისუფლებისგან ამ ორგანიზაციიდან გამოსვლას მოითხოვს.

გუშინ სამიტის გახსნისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეჭვქვეშ დააყენა ამ ორგანიზაციის ეფექტურობა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.

ფაშინიანმა უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დოკუმენტების ხელმოწერაზე იმის გამო, რომ ორგანიზაციას არ აქვს მკაფიო პოლიტიკური შეფასება აზერბაიჯანის აგრესიაზე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში