კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე და ევროპაში 21-ე ადგილზე გავიდა - პრემიერი

12 დეკემბერი 2022, 15:33 496 ნახვა

კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე და ევროპაში 21-ე ადგილზე გავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო ევროპაში 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე გავიდა.

"მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ. მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა ბოლო პერიოდში. მაგალითად, კორუფციის კონტროლი ავიღოთ – კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა. ამავე ქვეყნებს შორის, ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე გავიდა ჩვენი ქვეყანა კორუფციის კონტროლის მიხედვით. ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ თერთმეტ სახელმწიფოს და ნატო-ს წევრ 13 სახელმწიფოს. ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ ბოლო ათწლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ.

მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 30-ე ადგილზეა კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილზე გავიდა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა გაორმაგებულია, კოვიდამდე პერიოდთან შედარებით კი, ეს მაჩვენებელი 70%-ით არის გაზრდილი.

"მინდა, დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გავაცნო ჩვენს საზოგადოებას. პირველი საკითხი, რაზეც მინდა, ვისაუბრო, არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგება ბოლო ერთ წელიწადში. კარგად მოეხსენება ყველას, რომ უკრაინაში საშინელი ომი მიმდინარეობს, დაძაბულობაა ყველგან, რეცესია, ევროპაში, ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ფონზე, ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთა საერთო მოცულობამ შეადგინა მილიარდ 675 მილიონი აშშ დოლარი. ეს არის თითქმის გაორმაგება. ჩვენ თუ ამას შევადარებთ წინა წელს და კოვიდამდე პერიოდს, 2019 წელს მაგალითად, 70%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ სიტუაციას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში.

პირველ რიგში, ეს არის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ შევქმენით, მშვიდობა, სტაბილური პერიოდი, რომელიც ქვეყანაში დგას, გამჭვირვალობა. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი მთავრობა ჰყავს დღეს ქვეყანას, როგორი ხელისუფლება, როგორი პოლიტიკა გვაქვს ჩვენ ზოგადად ბიზნესის, ინვესტორების მიმართ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში