ზელენსკიმ კონგრესს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა

22 დეკემბერი 2022, 10:23 454 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს ჯარისკაცების ხელმოწერებით უკრაინის დროშა გადასცა. 

"როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან.

ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო", - განაცხადა ზელენსკიმ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ზელენსკის აჩუქა აშშ-ის დროშა, რომელიც მისი აშშ-ში ვიზიტის დღეს კაპიტოლიუმის შენობის თავზე ფრიალებდა.

თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერებს შეხვდა როგორც სენატიდან, ისე წარმომადგენელთა პალატიდან. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ბახმუტში ვიზიტზეც და აღნიშნა, რომ რუსეთი იყენებს ყველა შესაძლებლობას ქალაქის წინააღმდეგ, თუმცა ბახმუტი ხაზებს ინარჩუნებს და არასდროს დანებდება. ზელენსკიმ კონგრესისთვის მიმართვისას, ასევე აღნიშნა, რომ მათ მიერ გაწეული ფინანსური დახმარება, არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტირებაა დემოკრატიაში. მან მოუწოდა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში