დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

07 თებერვალი 2023, 17:33 374 ნახვა

5000 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად. სტიქიის რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.  ამინდის პირობები აფერხებს გადარჩენილთა პოვნის  მცდელობებს. ნანგრევებში მოყოლითა რაოდენობა უცნობია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ  გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობამ  20 000 გადააჭარბოს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ  განაცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 3549-მდე გაიზარდა, 20 534 კი დაშავდა. თურქეთის ჰატაის პროვინციაში, სადაც 10-სართულიანი სახლები სრულად ჩამოიშალა,  სამძებრო-სამაშველო ჯგუფები  ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ. მაშველებმა მიწისძვრიდან თითქმის 22 საათის  შემდეგ ხუთსართულიანი სახლის ნანგრევებიდან   16 წლის გოგონა ამოიყვანეს.  ანტაკიის ცენტრში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრიდან თითქმის 30 საათის შემდეგ იპოვეს კიდევ ხუთი გადარჩენილი, მათ შორის 65 წლის ჰატიჯე ოზქანი, რომელიც სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. დღეს სამაშველო ჯგუფმა მოახერხა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ამოყვანა. შვიდსართულიანი სახლის ნანგრევებიდან   55 წლის ფერიტ გუზელოღლუ უვნებლად გადაარჩინეს. ცხრასართულიანი სახლის ნანგრევებიდან 20 საათის შემდეგ სამწევრიანი ოჯახი  გადაარჩინეს,  30  წლის დედა და მისი 6 თვის ბავშვი  ცოცხლები იპოვეს ოდაბაშის რაიონში. ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის თქმით, სამშაბათს ჰატაიში გაგზავნეს დამატებით ათას 600 მაშველი,  რათა  ისინი  ადგილზე უკვე მომუშავე ათას 673 მაშველს შეუერთდნენ. მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარე   ჰატაის პროვინციას კაჰრამანმარაშის პროვინციასთან ერთად  სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას პრიორიტეტი მიენიჭა. პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთის 10 სამხრეთ პროვინციაში სამაშველო ძალისხმევის გასაძლიერებლად  სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მას კატასტროფის ზონა უწოდა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვის გაზრდის შემდეგ მიიღო.  საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში  და ის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდება. ერდოღანის თქმით, 70-მა ქვეყანამ შესთავაზა დახმარება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში. თურქეთის ხელისუფლება მიწისძვრით დაზარალებულ ადამიანებს დროებით განთავსებას ანტალიის სასტუმროებში გეგმავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში