დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდება - პრემიერი

15 თებერვალი 2023, 15:10 2147 ნახვა

საზოგადოებას როგორც დავპირდით, დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეფერენტული ფასები, თავდაპირველად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდა, ეტაპობრივად კი, ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. 

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეიდან რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ მედიკამენტზე გავრცელდა, 15 მარტიდან კი ეს ოდენობა ჯამში 1200 მედიკამენტი იქნება. 

„გასულ წელს დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციების შემოტანა და რეფერენტული ფასების პირველი ეტაპი, რომელიც იანვარშია გამოქვეყნებული, დღეიდან ამოქმედდა. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კომპანიამ ეს გამოქვეყნებამდე გაითვალისწინა და კონკრეტულ მედიკამენტებზე უკვე რეფერენტული ფასების მიხედვით მოექცა ჩარჩოებში, მნიშვნელოვნად დააკლო ფასებს. იცით, რომ ეს არის პირველი ეტაპი და მომდევნო პერიოდში გავაგრძელებთ რეფერენტული ფასების დაწესებას სხვა მედიკამენტების ჯგუფებზე. ეს, ასე ვთქვათ, პირველი ეტაპის მეორე ნაწილი იქნება და გაგრძელდება როგორც ქრონიკულზე, ასევე ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. საერთო ჯამში, უკვე დღეიდან ამოქმედებული ფასების მიხედვით, დაახლოებით 800-ზე მეტ მედიკამენტზე ვრცელდება ფასების ზედა ზღვარი და საშუალოდ 40%-მდე ფასდაკლება იქნება ჯამში ყველა ამ მედიკამენტზე. დარჩენილ 400-ზე მეტ მედიკამენტზე ფასის გადახედვა მოხდება და ეს უკვე 15 მარტიდან შევა ძალაში. საერთო ჯამში, 15 მარტიდან 1200-ვე მედიკამენტზე იქნება რეფერენტული ფასი. დღეიდან 800-ზე მეტი მედიკამენტია, რომელზეც რეფერენტული ფასები გავრცელდა.

ეს რეფერენტული ფასი არ არის ჩვენი მოგონილი, სხვა ქვეყნების ანალოგიური მედიკამენტების ფასიდან არის გამოყვანილი. ეს რეფერენტული ფასი თავის საბითუმო რეფერენტული ფასით და იმ მარჟითაა გამოყვანილი, რაც აფთიაქებს აქვთ. საერთო ჯამში, ეს არის ის სამართლიანი მარჟა, რაც ამ სეგმენტს და ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში