"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის

21 თებერვალი 2023, 11:43 477 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დღეს, თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გაიხსნება.

"დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, ბროსეს ქ.6-ში, რომელიც პარალელურად იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ცენტრალური ოფისი და შესაბამისად, ჩვენს მომხრეებს რომლებიც ასიათასობით არიან დედაქალაქში და ეს ყველა არჩევნებზე კარგად ჩანს, მოვუწოდებ, მობრძანდით ჩვენთან, ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე გამარჯვების რუსულ ოცნებაზე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, იმისთვის, რომ თბილისის ორგანიზაცია იყოს ძლიერი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს.

"იმისთვის, რომ პარტია თბილისში იყოს ძლიერი, შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს ირაკლი ნადირაძე, რომლის დავალება და ამოცანა იქნება, რომ სწრაფად მოახდინოს თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია და გამართვა, რომ პარტია იყოს ძლიერი ისე როგორც არასდროს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდება კონკრეტული აპლიკაცია, რის მეშვეობითაც, თითოეულ თქვენგანს შეეძლება რეგისტრაციის გავლა. ყველას, ვინც ცხოვრობთ თბილისში და არ გინდათ რუსეთში ცხოვრება, ყველას, ვისაც გინდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველას, ვისაც გინდათ, რომ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს დერუსეთიზაციასა და დებიძინაზიციაში, გელოდებით ბროსეს ქუჩაზე, რომელ სამუშაო ჯგუფსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს“, - განაცხადა ხაბეაშვილმა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში