საქართველოს პროკურატურა თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის საქმეზე  ინფორმაციას ავრცელებს

27 თებერვალი 2023, 15:03 392 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ბრალდებული გალიფ ოზთურქი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 7,2159 გრამ კოკაინს (მარილი), რომელიც სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. 

"სამართალდამცავებმა ბრალდებული 2022 წლის 31 მაისს ქალაქ ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე  მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), 260-ე მუხლის  პირველი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბრალდებულს ასევე წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება"- აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში