ბადრი ესებუას არ სურს, რომ მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას

01 მარტი 2023, 17:19 572 ნახვა

ბადრი ესებუა უარს ამბობს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას. შესაბამისი განცხადებით დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მიმართეს, რასაც კობაიძეც დაეთანხმა და სხდომა დატოვა.

პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესებზე დაზარალებულები იკითხებიან. დღევანდელ პროცესს თავად ესებუაც ესწრება, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით,  ესებუას უარის ათქმევინეს. 

"როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე. რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს. მე მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ბადრი თავად მოვინახულო მესამე დაწესებულებაში და შესაბამისად გავისაუბროთ აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან ერთი არის თუ როგორ მოქმედებს ბრალდებული და მეორე არის რეალობა, თუ რამ განაპირობა აღნიშნული ქმედების განხორციელება", - აცხადებს კობაიძე.

შეგახსენებთ, პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. მას ბრალად ედება 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკზე თავდასხმა და 40-ზე მეტი პირის მძევლად აყვანა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში