რეკომენდაციებიდან დარჩენილია ორი კანონპროექტის მიღება, ყველაფერი გავაკეთეთ რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე - კობახიძე

29 მარტი 2023, 14:58 523 ნახვა

12 პუნქტის შესრულება არის ჩვენი ვალდებულება, დარჩენილია ორი კანონპროექტის მიღება, დანარჩენი მიმართულებით ყველაფერი გაკეთებულია და ეს ყველაფერი გავაკეთეთ რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, რეკომენდაციების შესრულება გაგრძელდება.

"ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს. კიდევ ორი კანონპროექტია მისაღები და ეს კანონებიც იქნება სათანადო დროში მიღებული, ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა შესაბამისი კანონის მიღება. პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან და, შესაბამისად, ეს საკითხი არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული. ევროპარლამენტი რას ამბობს, ამას არ აქვს არავითარი ფასი. რაც შეეხება იმ სტრუქტურებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კომენტარისას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ექვსი წელი შეაფასა.

"რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ისინი მარტივად ახერხებენ ევროპის ქვეყნებში გასვლას, მოგზაურობას, იქ დაყოვნებას. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით და ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს სიკეთე, რაც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად ხელშესახები გახდეს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრები, რომლებსაც გიორგი ვაშაძემ ყავის მსმელები უწოდა, მთელი ამ დროის განმავლობაში დაკავებულნი იყვნენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობით.

"რეალურად, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ. ეს ადამიანები მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდნენ 12 პუნქტის შესრულებაზე, როდესაც ყავას სვამდა სწორედ ვაშაძე. ყავის მსმელებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში ჩართული. ეს არის მათი დამოკიდებულება. ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან დეკემბერს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, გამოიყენონ ქვეყნის ასარევად, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ყავის სმის ჯგუფებში ვინც შევიდა, რა შედეგი დადო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“ ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში