მერიის სერვისცენტრებში 200 განცხადებაა შესული

30 მარტი 2023, 14:29 568 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის 40 ნომერში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ. კორპუსს სახურავი ქარმა ორი დღის წინ გადახადა, ახლა კი ბინებში, წვიმის წყალი ჩადის, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ინვენტარი.

მოსახლეობის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების რეაგირებას უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ელოდებიან. ისინი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

კორპუსში რამდენიმე ოჯახია დაზარალებული. როგორც ამბობენ, არსებობს წვიმის წყლით გაჟღენთილი ჭერის ჩამოვარდნის საფრთხეც. კორპუსს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. მათ გუშინ გზა გადაკეტეს.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით გადასახურად  დღეს დილით უკვე მიიტანეს ტენტი, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება უამინდობის გამო ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

ჯაბა ბერიძის ინფორმაციით ამ ეტაპზე სხვადასხვა მისამართიდან 200 განცხადებაა შესული და სალიკვიდაციო კომისია ზარალის ანაზღაურების საკითხს რამდენიმე დღეში განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში