OC Media-მ დაარღვია არა მხოლოდ ჟურნალისტური კეთილსინდისიერების მარტივი წესი და უარი თქვა მათი სტატიის პასუხის გამოქვეყნებაზე, არამედ დაარღვია ნდობა, რომელიც უნდა არსებობდეს ნორმალური ადამიანური ურთიერთობების მიმართ - პაპუაშვილი

14 სექტემბერი 2023, 10:07 302 ნახვა

ქვემოთ მოცემულია სამაგალითო შემთხვევა იმისა, თუ რატომ და როგორ ახდენს თვითგამოცხადებული „კრიტიკული მედია“ საქართველოში საკუთარი თავის დისკრედიტაციას, კარგავს საზოგადოების ნდობას და, როგორც წესი, ამთავრებს ერთმანეთთან, ან საკუთარ დახურულ წრესთან საუბრით, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი OC Media-ს მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ თითქოს დონორების მეშვეობით მათზე განხორციელდა ზეწოლა.

როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც OC Media-მ უარი განაცხადა დაებეჭდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი და გარკვეული დროის შემდეგ გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერდა, რომ მათი უარის შესახებ მოხდა დონორების ინფორმირება, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მათ კვლავ შესთავაზა შალვა პაპუაშვილის პოზიციის დაბეჭდვდა.

მისივე თქმით, OC Media-სთან მოხდა შეთანხმება, რომ პარლამენტის თავმჯდომარის წერილს, მათი სარედაქციო წერილის საპასუხოდ, აღნიშნული მედია დაბეჭდავდა ცალკე, დამოუკიდებლად და არა რომელიმე სტატიის ნაწილად. თუმცა, ორგანიზაციამ დაარღვია შეთანხმება.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, OC Media-ს, თითქოსდა დამოუკიდებელი ინგლისურენოვანი ონლაინ პლატფორმის სარედაქციო საბჭომ, ქართულ ეროვნულ მედიაში პრეტენზია გამოთქვა იმის გამო, რომ მათი დონორების მეშვეობით ზეწოლას ვახდენდი მათზე. რამდენიმე კვირის წინ, ჩემი სტატიის გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო. თუმცა, სიმართლე უფრო რთულადაა. ქვემოთ არის ჩემი წერილი OC Media-ს რედაქტორის მიმართ, რომელიც გუშინ დავწერე მათი საბრალდებო რედაქციის პასუხად, რომელიც ჩემსკენ იყო მომართული. ჩვენ შევთანხმდით, რომ OC Media გამოაქვეყნებდა მას სრულად და დამოუკიდებლად საკუთარ საიტზე, როგორც პასუხს მათ სტატიაზე. თუმცა, რატომღაც, რამდენიმე საათის შემდეგ, ჩემი პასუხი დაერთო მათ ახალ სტატიას ჩვენი დავის შესახებ. ამრიგად, OC Media-მ დაარღვია არამხოლოდ ჟურნალისტური კეთილსინდისიერების მარტივი წესი და უარი თქვა მათ სტატიის პასუხის გამოქვეყნებაზე, არამედ დაარღვია ნდობა, რომელიც უნდა არსებობდეს ნორმალური ადამიანური ურთიერთობების მიმართ, რაც უპრეცედენტოა თუნდაც, პოლარიზებული ქართული მედიისთვის. რატომ ვწუხ ამ უმნიშვნელო საქმის უმნიშვნელო დეტალებზე ნაკლებად მნიშვნელოვან მედიაში? იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საზოგადოების ყურადღების მიქცევა. ქვემოთ არის ის, რაც OC Media-ს რედაქციას მისი სტატიის საპასუხოდ მივწერე და გამოქვეყნება ვთხოვე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი, ასევე აქვეყნებს წერილს, რომელიც OC Media-ს რედაქტორს გაუგზავნა მისმა წარმომადგენელმა, ხოლო რედაქტორისგან მიიღო მკაფიო თანხმობა, რომ წერილს უცვლელი სახით, დამოუკიდებლად დაბეჭდავდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ბეჭდურ მედია საშუალებებს, თანაბრობის პრინციპის დაცვით, თავმჯდომარის კაბინეტი სთავაზობს, პარლამენტის თავმჯდომარის წერილების გამოქვეყნებას, რასაც ისინი აქვეყნებენ, თუმცა OC Media-მ დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა შალვა პაპუაშვილის წერილის დაბეჭდვაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, სამწუხაროდ, აღნიშნული სტატიის უარყოფამ დაადასტურა განსხვავებული აზრის მიმართ გამოცემის დამოკიდებულება.
მისი თქმით, გაუგებარია, როგორ აწვდის OC Media მკითხველს სუბიექტურ აზრს, თუ მკითხველს განსხვავებულ მოსაზრებას უმალავს.

წერილი რედაქტორს:

"12 სექტემბრის სარედაქციო სტატიაში თქვენ ბრალი დამდეთ „გამოცემაზე გავლენის მოხდენაში თუ დასჯაში, ვინაიდან სტატიის დაბეჭდვაზე უარი ითქვა“. ეს ბრალდება ძალზე შორსაა სიმართლისაგან. მსურს, განგიმარტოთ, თუ რატომაა თქვენი განცხადებები პრობლემური თქვენს მიერვე დეკლარირებული პრინციპებისა და ღირებულებების კონტექსტში.

მედიის თავისუფლება საქართველოსთვის და მმართველი „ქართული ოცნებისთვის“ დიდი ფასეულობაა. მედია გარემომ, რომლის შექმნაშიც, ჩვენ, როგორც პარტიამ, ბოლო ათწლეულში წვლილი შევიტანეთ, უპრეცედენტო თავისუფლება და პლურალიზმი მოუტანა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მუშაობენ. სხვა მიზეზებთან ერთად, ამის გამოც არის, რომ თქვენი გამოცემა თბილისშია ბაზირებული და არა სადმე სხვაგან და სრულად სარგებლობთ იმ სიკეთეებით, რომლებსაც მედიის თავისუფლება იძლევა. ასევე, კარგად უნდა იცნობდეთ ქართული მედია გარემოს მრავალფეროვნებასა და აქტიურ ხასიათს, რაც მას გამოარჩევს წინა ათწლეულების მძიმედ კონტროლირებული მედია გარემოსაგან.

აზრის მრავალფეროვნებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების გამო, რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტე თქვენთვის შემომეთავაზებინა ჩემი სტატიის გამოქვეყნება. ამგვარი სტატიები სხვა გამოცემებსაც ეგზავნება და ისინი მათ აქვეყნებენ. მართალია, თქვენი გამოცემა უმცირესზე უმცირეს ადგილს იკავებს ქართულ მედია სივრცეში და, პრაქტიკულად, უცნობია საზოგადოებისათვის, მაინც გადავწყვიტე თანამშრომლობა შემომეთავაზებინა. ეს გავაკეთე იმის მიუხედავად, რომ თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებისა და პოლიტიკის მიმართ გაუაზრებლად და ავტომატურად კრიტიკულია ხოლმე, რაც ყველა თქვენი მკითხველისათვის აშკარაა. ჩავთვალე, რომ ეს კეთილი ნების ჟესტი თანამშრომლობისაკენ გადადგმული კარგი ნაბიჯი იქნებოდა.

სამწუხაროდ, აღნიშნული სტატიის უარყოფამ დაადასტურა განსხვავებული აზრის მიმართ თქვენი შეუწყნარებლობა. აღიარებთ, რომ მხოლოდ სათაური და მოკლე ტექსტი წაიკითხეთ ამ სტატიიდან, მაგრამ სასწრაფოდ დაასკვენით, რომ სტატია არ იყო გამოსადეგი, ვინაიდან „ფაქტობრივად არაჯანსაღი“ იყო და არ წარმოადგენდა „იდეის პატიოსან გამოხატვას“. ეს ბოლო განცხადება რას ნიშნავს, საერთოდ გაუგებარია. თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ „წარმოდგენილი არგუმენტი ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებს“. ამით, უზენაესი მოსამართლის ძალაუფლებაც შეითვისეთ იმის გადასაწყვეტად, თუ რა არის ნამდვილი ჭეშმარიტება თუ ჭეშმარიტი რეალობა. ეს ძალიან შორსაა პროფესიული ჟურნალისტიკის სტანდარტებისაგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც OC Media ცდილობს თავი წარმოადგინოს კეთილსინდისიერების, სამართლიანობისა და ჩართულობის დამცველად, რაც თქვენს ვებ-გვერდზე მთავარ ღირებულებებადაა ციტირებული.

მეტიც, არასწორად გაუკეთეთ ინტერპრეტირება დონორებთან ჩემს წერილს, რომელიც არ ითვალისწინებდა „გავლენასა თუ დასჯას... სტატიის უარყოფის გამო“, არამედ მიზნად ისახავდა თქვენი საეჭვო ჟურნალისტური მიდგომების შესახებ დონორების ინფორმირებას. წერილში სინამდვილეში ეწერა: „პატივს ვცემთ OC Media-ს ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას, მაგრამ სტატიის გამოქვეყნებაზე უარს, რომელსაც გასაგები ახსნა არ მოჰყოლია, მივიჩნევთ გამჭვირვალების, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებად. მედია თავისუფლება საქართველოში ხელისუფლების მიერ ფართოდაა გარანტირებული და დაფასებული. ამიტომაც, სამწუხაროა, რომ მედია გამოცემა, რომელსაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების გასავრცელებლად აფინანსებენ, უარყოფს სტატიას, რომელსაც არ ეთანხმება“.

ამგვარად, მოვლენების თქვენთვის დამახასიათებელი, გამრუდებული გადმოცემის სტილით, ეს სავსებით კორექტული წერილი დონორების მიმართ იქცა „ორგანიზაციის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და, ზოგადად, პრესის თავისუფლებაზე შეტევად“. როგორ შეიძლება ამგვარი დასკვნის გამოტანა, თუ თქვენი ავტომატური მიზანი არ არის საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯისა თუ ქმედების დაგმობა და სახელის შელახვა?

თქვენი დანარჩენი სტატია მთავრობის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებების ჩამონათვალია, რომელიც ქართული რადიკალური ოპოზიციის გზავნილების ასლია და, იმავდროულად, სასწაულებრივად გჯერათ, რომ შეძლებთ თავი მიუკერძოებელ მედია გამოცემად წარმოადგინოთ. ცუდია, რომ ეს არასწორი პრაქტიკა არ არის მხოლოდ თქვენი გამოცემის დამახასიათებელი და უნივერსალურ და სამწუხარო ტენდენციას წარმოადგენს.

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ უნდა აგვერიოს ცენზურაში, როცა განსხვავებული აზრი ერთხელაც არ ჩნდება თქვენს ფურცლებზე. თქვენ წერთ, რომ „სარედაქციო საბჭოს სურვილი იყო, რომ მკითხველის საუკეთესო მომსახურება და ინფორმირება მოეხდინა.“ როგორ ემსახურებით თქვენს მკითხველს, თუ განსხვავებულ მოსაზრებას უმალავთ?

ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ თქვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება მომავალშიც გარანტირებული და დაცული იქნება საქართველოს სახელმწიფოს მიერ. ამასთან, გისურვებთ უკეთესი ჟურნალისტური სტანდარტებისკენ სწრაფვას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში