პროკურატურამ კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინა

01 ნოემბერი 2023, 16:29 441 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, თბილისში მდებარე კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში, ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხნენ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 810 300 ამერიკულ დოლარს, 110 ევროს და 6500 ლარს დაეუფლნენ.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში