ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას - ნინო ქადაგიძე

01 დეკემბერი 2023, 14:15 313 ნახვა

ქართული მართლმსაჯულება, ქართული სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

"ქართული მართლმსაჯულების მიმართულებით დიდი რაოდენობის ბულინგი მოემართება. მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, ქართული მართლმსაჯულება, ქართული სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას. სოლიდარობას ვუცხადებ თითოეულ მათგანს, მაგრამ გარწმუნებთ, ქართული მართლმსაჯულება, შესაბამისობის სტანდარტებით, ბევრად აღემატება ნებისმიერ ქვეყანას“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მისივე განმარტებით, კვლევით და მათ შორის, დამოუკიდებელი კვლევებით, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარდა, ქართული მართლმსაჯულება ძალიან ბევრ ინსტიტუციას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას რეიტინგით ბევრად წინ უსწრებს.

"სასამართლოს აქვს ნდობა, რასაც ადასტურებს ის საქმეთა ნაკადი, რომელიც სასამართლოში შედის, ასევე, იმ ხალხის და მხარეების განწყობა, რომლებიც სასამართლოში შედიან. 2018 წლიდან შიდა კვლევებს ვაწარმოებთ სასამართლოში და საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს. ეს არის შიდა კვლევა, რომელიც გვაძლევს იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რა არის სასამართლოში პრობლემა და რა უნდა გამოსწორდეს. თუმცა გეუბნებით, მე არასდროს ვარ კმაყოფილი მიღწეულით“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ქადაგიძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

"სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ვერავისგან მივიღებთ  მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და მართლმსაჯულების სისტემის. სასამართლოში ძირითადი გამოწვევაა საქმეთა რაოდენობა, მზარდი ნაკადი და მოსამართლეთა სიმცირე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოეს ერთ წელიწადში ეს პრობლემა დაძლეული იქნება. ძალიან რთულია სასამართლოში შემოსვლა, ეს არ არის მარტივი, რადგან მკაცრად ხდება იმ კვალიფიკაციის შემოწმება, რომელსაც თითოეული მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს. ბოლო პერიოდში ყველა გასაუბრება ჩატარდა ღიად, საჯაროდ და თუ დამისახელებთ რომელიმე პირს, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებს და სისტემაში არ იქნა დაშვებული, თქვენი, ასევე საზოგადოების წინაშე მოვიხდი ბოდიშს. ყველა კანდიდატი, რომელთანაც გასაუბრება ჩატარდა და ამ სტანდარტს აკმაყოფილებდა, დაშვებული, მიღებული იქნა“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში