მამის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

24 თებერვალი 2024, 14:10 332 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში