მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, 15 წუთის განმავლობაში გახსნან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით განსაზღვრული ზომები - შსს

18 ოქტომბერი 2025, 20:29 170 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს.

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება რუსთაველის გამზირზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში