9 აპრილის ტრაგედიას საქართველოში მოქმედი საელჩოები ეხმიანებიან 

09 აპრილი 2024, 10:55 306 ნახვა

საქართველოში თურქეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა გმირი ახალგაზრდების თავგანწირვა, რამაც მისცა გზა ქვეყნის დამოუკიდებლობის თავიდან მოპოვებას“, – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩო-ს განცხადებაში.

9 აპრილის მემორიალთან მივიდა და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო გერმანიის ელჩმა.

„ეს მოხდა ბერლინის კედლის დანგრევამდე ნახევარი წლით ადრე. ასე რომ, თქვენ იბრძოდით დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის ისე, როგორც ჩვენ ამას გერმანიაში ვაკეთებდით. თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ჩვენთვის, ყველასთვის მუდმივი ვალდებულებებია“, - აღნიშნა ელჩმა.

საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას, - ასე ეხმაურება საფრანგეთის საელჩო საქართველოში, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად.

„საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ლიეტუვა კვლავაც დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ლიეტუვის საელჩოს განცხადებაში.

„დღეს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) დელეგაციის წევრებთან ერთად პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას, ისევე როგორც მათ სიმამაცესა და თავგანწირვას. ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ მისწრაფებამ და სიმტკიცემ მოუპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს. ლიეტუველები, როგორც თავადაც თავისუფლების მოყვარე ხალხი, მიიჩნევენ, რომ ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნული თვისება აახლოებს ჩვენს ერებს ერთმანეთთან. საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა კვლავაც დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს რა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც როგორც 1989 წელს, ისე ახლაც, რუსული იმპერიალიზმის სამიზნეს წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

„ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოში შვედეთის საელჩოც .

„35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარებმა ჩაახშეს მშვიდობიანი ქართული დემონსტრაციები თავისუფლებისთვის. ორი წლის შემდეგ საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ეროვნული ერთიანობის ამ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა მათგანს, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას“, – ნათქვამია საქართველოში შვედეთის საელჩოს განცხადებაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში