გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - სხდომა რამდენიმე დეპუტატს დაატოვებინეს

17 აპრილი 2024, 14:10 247 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომათა დარბაზში ვითარება რამდენიმე წუთის წინ დაიძაბა. მიზეზი ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის მოთხოვნა იყო. მათ განაცხადეს, რომ დღეს საკითხის მომხსენებელს, მამუკა მდინარაძეს არ მისცემდნენ სიტყვით გამოსვლის უფლებას. მამუკა მდინარაძემ მათ უთხრა, რომ სიტყვით გამოსვლას დღეს აღარ აპირებდა, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდა თავად ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით.

დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ასევე, სასესიო დარბაზიდან გააძევა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.

აღნიშნულის გამო სხდომა დროებით შეწყდა და ტექნიკური შესვენება იყო გამოცხადებული.

ხმაური მოჰყვა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის გამოსვლასაც. ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები პროტესტს მაგიდაზე ხელებისა და წიგნის დაბრახუნებით გამოხატავდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში