ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

29 აპრილი 2024, 14:05 203 ნახვა

ხმაურისა და  ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევების ფონზე გრძელდება დილიდან საკომიტეტო მოსმენა კანონპროექტის, რომლის მეორედ დაინიცირებასა და პარლამენტში დაბრუნებას,  ქვეყანაში საპროტესტო  აქციები ისევ მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს სიტყვა ჩამოართვა,რადგან მისი შეფასებით,  ის ვინც მიკროფონის გარეშე აკეთებდა განცხადებას, რეგლამენტს არღვევდა, მათი კითხვები კი არ ეხებოდა კანონპროექტის  კონკრეტულ მუხლს. გაფრთხილების შემდეგ ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს დარბაზიდან აძევებდა,   ამ დროს კი  პირდაპირი ეთერი   პარლამენტიდან  რამდენიმე წუთის განმავლობაში ითიშებოდა.   

გიორგი ვაშაძე, თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი,  სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი , ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი-დეპუტატები რომელთა კითხვები კომიტეტის თავმჯდომარემ დაიწუნა, შემდეგ კი ისინი დარბაზიდან გააძევა. შეიძლება ითქვას,  რომ სხდომა  ბევრი ოპოზიციონერი ლიდერის გარეშე მიმდინარეობს, რადგან პირველები,  ვინც კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვეს გახარიას პარტიის დეპუტატები იყვნენ.    

სხდომის დაწყებისთანავე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა  შესთავაზა  მმართველ გუნდს, რომ საკითხის განხილვა  გადადებულიყო, რაც კომიტეტის ხელმძღვანელმა   არ დააკმაყოფილა, ამიტომ პირდაპირ მუხლობრივი განხილვა დაიწყო.   რამდენჯერმე გააწყვეტინეს    დეპუტატებს  საუბარი,  თითქმის ბოლომდე არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ.     

სიტყვიერი დაპირისპირება  მოხდა მამუკა მდინარაძესა და ლევან ხაბეიშვილს შორისაც.  ანრი ოხანაშვილმა სიტყვა ჩამოართვა  სხდომაზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმომადგენლებს.     მისი თქმით,  კითხვები სამართლებრივ ნორმებს არ ეხებოდა.  ვერც ისინი ასწრებდნენ პოზიციის ჩამოყალიბებას. ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი  ოპონენტების მიერ გაჟღერებული ბრალდებების ნაწილი მოინიშნა, მოგვიანებით უპასუხა, თუმცა ადრესატები დარბაზიდან უკვე გაძევებული იყვნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში