ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს ფორმატში ვისაუბრე რეფორმებზე, რაც ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მთავარი საფუძველი გახდა - დარჩიაშვილი

30 აპრილი 2024, 14:58 185 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს ფორმატში გამოსვლისას საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

დარჩიაშვილის თქმით, სწორედ ეს რეფორმები გახდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება იყო, რომელიც გაიმართა ბელგიის თავმჯდომარეობის პირობებში. ერთი მხრივ, იყო საიუბილეო შეკრება, რომელიც 20 წლის წინ ევროკავშირის შიგნით ყველაზე დიდ გაფართოებას აღნიშნავდა და მეორე მხრივ, 27 წევრ ქვეყანასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის მქონე ათი ქვეყანა პირველად მოხვდა ასეთ ფორმატში ერთ მაგიდასთან. ეს ნიშნავს, რომ გაფართოების პროცესი გრძელდება. ეს არის ევროკავშირის თვალით დანახული.

ძალიან სიმბოლური იყო, რომ ზოგად საქმეთა საბჭოს ფორმატში, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ევროკავშირის გაფართოებაზე, ვიყავით ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ კანდიდატის სტატუსი. იყო მსჯელობა ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე. მქონდა შესაძლებლობა, მეც მესაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანამ გაატარა, რაც გახდა მთავარი საფუძველი, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ევროპულ საბჭოს მიეღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილება. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს მიეძღვნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში