ვიყავით და ვიქნებით ღია კეთილი ურთიერთობების გაძლიერებისთვის ყველა ქვეყანასთან, რომელიც რუსეთში ხედავს სანდო, სამართლიან პარტნიორს-ვლადიმერ პუტინი

07 მაისი 2024, 13:45 303 ნახვა

ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ღია კეთილი ურთიერთობების გაძლიერებისთვის ყველა ქვეყანასთან, რომელიც რუსეთში ხედავს სანდო და სამართლიან პარტნიორს, – ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ინაუგურაციის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის ფიცი დადო და თანამდებობა მეხუთე ვადით, ექვსი წლით დაიკავა.

„ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ღია კეთილი ურთიერთობების გაძლიერებისთვის ყველა ქვეყანასთან, რომელიც რუსეთში ხედავს სანდო და სამართლიან პარტნიორს და ეს ნამდვილად მსოფლიო უმრავლესობაა. ჩვენ არ ვამბობთ უარს დასავლურ სახელმწიფოებთან დიალოგზე. არჩევანი მათზეა – გეგმავენ ისინი რუსეთის განვითარების შეკავების მცდელობების, აგრესიის, ჩვენს ქვეყანაზე წლების განმავლობაში უწყვეტი ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებას, თუ თანამშრომლობისა და მშვიდობის გზის ძიებას. გავიმეორებ – საუბარი, მათ შორის უსაფრთხოების, სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე შესაძლებელია, თუმცა არა ძალის, ყოველგვარი ქედმაღლობის, სიამაყის და საკუთარი განსაკუთრებულობის პოზიციიდან, არამედ მხოლოდ თანაბარი პირობებით, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემით“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც პუტინმა განაცხადა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის კურსის სისწორე დაადასტურეს.

მისი თქმით, რუსეთი ღირსეულად გადალახავს ამ რთულ, გარდამტეხ პერიოდს, გახდება უფრო ძლიერი და აუცილებლად განახორციელებს გრძელვადიან გეგმებს და მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიმართულია განვითარების მიზნებისკენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში