ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს 4 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ მათ შორის ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა გაემიჯნონ ძალადობას.
„ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც საქართველოში შეუმდგარი გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ადამიანებმა. ერთი თვე გადის, როდესაც ევროკომისრები, მათ შორის კომისარი კოსი და კომისარი კალასი უარს ამბობენ, დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ამიტომ მე მექნებოდა და ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი მძიმედ. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს არ მოუკითხავს ამ პოლიციელების ბედი და ჯანმრთელობა, არც ევროკავშირის ელჩს და მის ხელმძღვანელებს, კომისარ კოსს და კომისარ კალასს არ დაუგმიათ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა.
ამიტომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ვიდრე რამეს იტყვიან საერთოდ საქართველოზე, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, დაგმონ და გაემიჯნონ ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, ვინაიდან მათ შორის 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის მედია ორგანიზაციები. ასევე შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის პარალელურად, ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენელი სოციალური ქსელით ამხნევებდა და მხარს უჭერდა ამ ძალადობას. შეგახსენებთ, ქალბატონი იუკნევიჩიანეს, სხვა ევროპარლამენტარის, ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან წამოსულ განცხადებებს. საქართველო ბეწვზე გადაურჩა აქ არეულობას და არავინ არ იცის, რა შედეგი ექნებოდა, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის, შსს-ს და სხვათა დროული რეაგირება ამ ყველაფერზე. ამიტომ პირველი, რაც უნდა თქვან, უნდა დაგმონ და გაემიჯნონ თავდასხმას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ძალადობის არდაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა. სამწუხარო ტენდენციაა, რასაც ბრიუსელიდან ვხედავთ.
პაპუაშვილის თქმით, სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება.