განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

18 მაისი 2024, 10:30 301 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე, დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. აღნიშნულის გამო, 16 მაისს ბრალდებულმა, გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი, დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული, იმავე დღეს, დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი