შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის” დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე - 1984 წელს დაბადებული ს.უ, 1997 წელს დაბადებული მ.ა, 2006 წელს დაბადებული მ.ბ და 1994 წელს დაბადებული ნ.ზ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს - ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარის გადაკვეთას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.